//
რეიტინგი, იმპაქტ-ფაქტორი, H-ინდექსი

 © Ketie Gabitashvili

წინათქმა

Elsevier-Non-Solus

Elsevier სამედიცინო და სიცოცხლის მეცნიერებების უძველესი საგამომცემლო სახლი დაფუძნდა ამსტერდამში, 1580 წ. ლოგოს ბარელიეფი  – მოხუცი და თელაზე შეხვეული ვაზი, წარწერით Non Solus – არა ხარ მარტო.

1865 წელს, როდესაც ბრნოს მონასტრის ბერმა გრეგორ მენდელმა „გენტიკური დამემკვიდრების კანონების შესახებ პუბლიკაცია მოამზადა, უნდოდა გავლენიან საერთაშორისო ჟურნალში დაებეჭდა. უსახსრობის გამო გადაწყვიტა, სტატია გამოექვეყნებინა ადგილობრივ გერმანულ ენოვან ჟურნალში „ბრნოს ბუნების ისტორიის საზოგადოების შრომები“ [1]. შემდეგ შეიძინა ჟურნალის რამდენიმე ეგზემპლარი და ფოსტით გაუგზავნა იმ მეცნიერებს, ვისი აზრიც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. გაუგზავნა ჩარზ დარვინსაც ინგლისში. ეს ის პერიოდია, როდესაც დარვინი სამეცნიერო კარიერის ზენიტშია. მისი „ევოლუციის თეორიისა“ და „ბუნებრივი გადარჩევის“ თეორიები ექვს ენაზეა ნათარგმნი და ახლა დამემკვიდრების ახალ თეორიაზე – „პანგენეზისზე“ მუშაობს [2].

მეცნიერ ბერს არ გამოხმაურებიან. პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ (1910-იანი წლები), გარდაცვალების შემდეგ, მენდელის იდეები ხელახლა აღმოჩინეს და აიტაცეს. მისმა პრინციპებმა ბევრ სამეცნიერო სიახლეს მისცა მიძგი. ერთი მათგანია „გენების შეჭიდულობის კანონი“, რომლის აღმომჩენი თომას მორგანი ნობელის ლაურეატი გახდა მედიცინაში (1933 წ.). დარვინის მუზეუმში კი შემორჩა გერმანული ჟურნალი „ბუნების ისტორიის საზოგადოების შრომები“, 1866 წლის გამოცემა, რომელშიც მენდელის სტატიის ფურცლები გაუჭრელი იყო [2]. „პანგენეზისის“ ჰიპოთეზა დავიწყებას მიეცა. მენდელი კი დღეს აღიარებულია გენეტიკის მეცნიერების მამამთავრად.

პრობლემა

მეცნიერისათვის მნიშვნელოვანია, დაწეროს თავისი ნააზრევი, რომ მისი მოსაზრებები, ჰიპოთეზა ან დასკვნები სხვებმა წაიკითხონ, განიხილონ, გაითვალისწინონ და თავის პუბლიკაციებში ციტატებად მოიხსენიონ [3]. აკადემიური კომუნიკაციის არხებს შორის, სამეცნიერო ჟურნალი არის ყველაზე გავრცელებადი და ტირაჟირებადი. მისი საშუალებით სამეცნიერო ნაშრომი პოვნადია დაინტერესებული აუდიტორიისათვის თუნდაც ნახევარი საუკუნის შემდეგ. …მაგრამ, როგორ შევარჩიოთ სწორედ ჟურნალი, რომელსაც კითხულობენ შესაბამისი სფეროს მეცნიერები, ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღებები? როგორ შეფავასოთ ჟურნალის, სტატიის ან ავტორის გავლენიანობა? ( ამ ესეში სიტყვები „გავლენიანობა“ და „გავლენა“ გამოიყენება ინგლისური „ipmact“-ის მნიშვნელობით).

სამეცნიერო ჟურნალის შეფასება

სამეცნიერო ჟურნალის გავლენა გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ მკითხველი მსჯელობისას იშველიებს ამ ჟურნალში წაკითხულ სტატიას და მოჰყავს ციტატა. ჟურნალის გავლენიანობა დამოკიდებულია მასში გამოქვეყნებული სტატიებიდან ციტირებების რაოდენობაზე. თავის მხრივ, სტატიის ციტირების მაჩვენებელი განსაზღვრავს არა მარტო ჟურნალის, არამედ თავად ავტორების გავლენიანობასა და რეიტინგს.

IF და SCI

Figure 1ჟურნალების შეფასება დაიწყო გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, ეუჯინ გარფილდის თაოსნობით, რომელმაც დააფუძნა სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტი (ISI, Institute for Scientific Information). ამ ინსტიტუტში შემუშავდა ჟურნალების გავლენის კოეფიციენტის ე.წ. იმპაქტ-ფაქტორის (IF, Impact Factor) და სამეცნიერო ციტირების ინდექსის (SCI, Science Citation Index) სისტემატიზირებული, ობიექტური, სტატისტიკური ანალიზი (გამოთვლის ფორმულა იხილეთ ცხრილში 2). 1992 წელს ISI გაერთიანდა თომსონ როიტერსის კორპორაციაში და მას შემდეგ ამ ბრენდით ყოველი წლის დეკემბრის თვეში აქვეყნებს ჟურნალების რეიტინგებს IF  და SCI მაჩვენებლის სისტემატიური ანალიზის საფუძველზე.

ჟურნალებს, რომლებიც ხვდებიან ამ ანგარიშებში, დარეგისტრირებულია ანუ ინდექსირებულია თომსონ როიტერსის ბაზაში (WoS, Web of Science). დღეისათვის WoS-ში ინდექსირებულია 11,855 სამეცნიერო ჟურნალი 21 სამეცნიერო მიმართულებაში.  ჟურნალის ინდექსირება და ყოველწლიური რეიტინგული ანგარიშების გაცნობაც ფასიანია, როგორც ყველა სხვა სერვისი თომსონ როიტერსის კორპორაციიდან.

SJR

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ და საძიებო სისტემების დახვეწამ სამეცნიერო ჟურნალების დიდ ბაზებს შესაძლებლობა მისცა, დამოუკიდებლად განახორციელონ ჟურნალებისა და ავტორების ციტირებების სისტემატიური და ობიექტური სტატისტიკური ანალიზი. ერთი მათგანია 2007 წელს დაფუძნებული SCImago  ლაბორატორია, რომელიც ელსევიერის პუბლიკაციების ბაზასა და  საძიებო პლატფორმა „Scopus“-ზე დაყრდნობით ადგენს და აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალების რეიტინგს (SJR, SCImago Journal Rank). შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, Scopus უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებიდან, ხოლო  SCImago-ს ჟურნალების რეიტინგის გაცნობა საზოგადოდ უფასოა.

ხოლო IF (იმპაქტ-ფაქტორი) და SJR (სიმაგოს ჟურნალების რეიტინგი) ინდექსების გამოთვლის ფორმულები იხილეთ ცხრილში 1.

Table 1. IF-SJR

IF და SJR ფორმულებში განსხვავებულია მრიცხველი, რაც გულისხმობს, ერთი და იმავე ჟურნალს განსხვავებული ციტრებების მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს. რეალურად, განსხვავების მიზეზი ბევრად მეტია. (იხ. ცხრილი 2, მომზადებულია [4]-ის მიხედვით).

Table 2. Comparision

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ თომსონ როიტერსისა და ელსევიერის ბაზებში თითო-ოროლა ქართული სამეცნიერო ჟურნალიც არის ინდექსირებული, რომლებიც მოცემულია ცხრილში 3.

Table 3.Georgian Journals

თანამედროვე შეხედულებები ჟურნალების რეიტინგებზე

SCImago Journal & Country Rank ჟურნალების გავლენიანობის ობიექტური რაოდენობრივი ინდიკატორის შემუშავებამ მნიშვნელოვანად გაუიოლა ავტორებს, ბიბლიოთეკარებს, აკადემიისა და კვლევებზე ორიენტირებული ინდუსტრიის ლიდერებს აერჩიათ ჟურნალები, სადაც ქვეყნდება ხარისხიანი აკადემიური პროდუქცია. ჟურნალების ხარისხობრივი შეფასების საკითხებზე კვლევები გრძელდება. ბევრ საკითხში კონსენსუსი კვლავაც არ არსებობს, თუმცა უკვე დაგროვდა საკმარისი მონაცემები, რომლებიც გათვალისწინების ღირსია.

ერთი შეხედვით, ჟურნალებიდან ციტირებების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია მის რეიტინგთან. თვისობრივმა კვლევემბა კი გამოავლინა, რომ ციტირებისა და რეიტინგის რაოდენობრივი მაჩვენებელისა და ჟურნალის რეალური ხარისხსის კორელაციის სიზუსტეც განიცდის გავლენას. აღმოჩნდა, რომ IF და SJR რეიტინგულ სიებში ჟურნალის პოზიცია რაც უფრო ახლოსაა დასაწყისთან ან ბოლოსთან, მით უფრო შეესაბამება რეიტინგი და ჟურნალის შინაარსობრივი ხარისხი ერთმანეთს, და პირიქით, სიის შუა მონაკვეთში განთესილი ჟურნალების ხარისხი შედარებით ნაკლებ კორელაციაშია ჟურნალის ხარისხთან [5].

სტატიების სიცოცხლის ციკლი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ჟურნალისა. გამოქვეყნების შემდეგ სტატიების მკითხველთა წრე ფართოვდება, მატულობს ციტირებები, აღწევს პიკს, მერე კლებულობს და ნულს უტოლდება. ჟურნალმა რომ მოიპოვოს და შეინარჩუნოს რეიტინგი, საჭიროა, სისტემატიურად აქვეყნოს ახალი და ციტირებადი სტატიები. თუ გადავხედავთ დღეისათვის ყველაზე რეიტინგული ჟურნალების სიას, მათი დიდი უმრავლესობა 50 წლის წინათ არც კი არსებობდა (იხ. ცხრილი 4). გაირკვა, რომ 1959 წელს სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებიდან მხოლოდ 13 იყო ისეთი, რომელსაც 2009 წელს სულ მცირე 5 ციტირება ჰქონდა. ცამეტივე იყო კლასიკური სტატია კლინიკური კვლევების შესახებ [6].

Table 4. IF Med Journals

თვალში საცემია ახლად დაფუძნებული ჟურნალების რეიტინგის სწრაფი ზრდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს „ღია წვდომა“, რაც გულისხმობს ინტერნეტ პუბლიკაციებზე უფასო წვდომას. „ღია წვდომის“ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები უფრო ადრე პოულობენ დაინტერესებულ მკითხველს. თავის მხრივ მკითხველი თავისუფალია, რომ თავის ნებაზე გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის საჭირო პუბლიკაციები, დაარქივოს და ციტირება მოახდინოს ზუტად იმ სტატიებიდან, რომელიც მისი კვლევის რელევანტურია. მკითხველისათვის სწორედ ასეთი თავისუფლებისა და კომფორტულობის მინიჭებამ განაპირობა „ღია წვდომის“ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიების უფრო მაღალი ციტირება და არა „მუქთა“ სერვისმა [7]. სხვათაშორის, ამ ესსეში ციტირებული სტატიების უმრავლესობა „ღია წვდომის“ ჟურნალებს ეკუთვნის.

თომსონ როიტერსის მონაცმებით, ჟურნალის რეიტინგის სწრაფი მატება შეიძლება ასევე გამოიწვიოს ჟურნალის მოცულობის ანუ ერთ ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობის უცებ გაზრდამ, ან მიმოხილვითი სტატიების რაოდენობის მატებამ. ამავე წყაროს ცნობით, ჟურნალის რეიტინგზე უარყოფითი გავლენა აქვს ჟურნალის სათაურის შეცვლას.

სტატიის ციტირების მაჩვენებელი

WordCloud 3დიდი ხანია არსებობს მოსაზრება, რომ ციტირების მაჩვენებელზე დიდ გავლენას ახდენს მეცნირების მიმართულება. ჯერ კიდევ ჰირშმა (2005) სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდიკატორზე მუშაობისას შენიშნა, რომ სიცოცხლის მეცნიერების ავტორების ციტირების მავენებელი გაცილებით მაღლი იყო, ვიდრე ზუსტი მეცნიერების წარმატებული წარმომადგენლებისა [8] (იხილეთ ცხრილი 5).

ეს დაკვირვება დაადასტურა შემდგომმა სტატისტიკურმა კვლევებმაც. ზუსტ მეცნიერებებში (მათემატიკა, ფიზიკა) ჟურნალის ნომრის გამოსვლიდან 2 წლის განმავლობაში ციტირების საერთო რაოდენობის მატება 2-3-ჯერ ჩამორჩება ბიო-სამედიცინო ჟურნალების ციტირებების იმავე მაჩვენებელს [9]. ამიტომაც, ჟურნალების რეიტინგულ სიას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ერთმანეთს ედრება მეცნიერების ერთი და იმავე მიმართულების ჟურნალები (მაგ. ბიო-სამედიცინო ანუ სიცოცხლის მეცნიერებების ჟურნალები ან ზუსტი მეცნიერებების ჟურნალები). უკეთესია, თუ შედარდება ერთი თემატიკის ჟურნალები (მაგ. რესპირატორული თემის ან უროლოგიის თემის და ა.შ.) [10].

სამეცნიერო პუბლიკაციის მრავალი ტიპი არსებობს, მაგალითად: მიმოხილვითი და ორიგინალური სტატიები, შრომები, თეზისები, სარედაქციო სტატია, წერილი, მოსაზრება, სიახლე და სხვა. აღმოჩნდა, რომ პუბლიკაციის ტიპი გავლენას ახდენს ციტირების მაჩვენებელზე. პუბლიკაციებს, რომლებიც შეეხება დაუსრულებელ კვლევებს (ასეთია ორიგინალური სტატიები, საკონფერენციო მასალები), ახასიათებთ ტენდენცია თვითციტირებისაკენ, რაც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა [11].  თვით-ციტირების გამო, ორიგინალურ სტატიებზე ორიენტირებულ ჟურნალების რეიტინგი შედარებით დაბალია. ამასთან, თვითციტირება არ შედის SJR-ფორმულაში.

არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე ბევრი ციტირება აქვს მეტა-ანალიზის სტატიებს, რომელსაც მოსდევს რანდომიზირებული კლინიკური კვლევების და შემდეგ, ობსერვაციული კვლევების შესახებ სტატიები [12]. ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა ბოლო ხანებში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც თანახმად, ციტირების სიმრავლეს განსაზღვრავს არა კვლევის კატეგორია, არამედ მისი სირთულე და კომპლექსურობა, რაც დაკავშირებულია კოჰორტის, კონტროლის, მულტიცენტრულობის თავისებურებებთან [13]. მეტიც, სამი ყველაზე მაღალი იმპაქტ ფაქტორის ჟურნალის (NEJM, JAMA, The Lancet) ყველაზე ციტირებადი სტატიების ანალიზმა გამოავლინა, რომ ყველაზე მეტი ციტირების მქონე სტატიებს ჰქონდათ მკაფიო მსგავსება – ისინი შეეხებოდნენ მასშტაბურ კლინიკურ ინტერვენციას (ანუ Clinical Trial), რომელიც იყო მრავალცენტრული, მსხვილ ბიუჯეტიანი, ინდუსტრიისგან დაფინანსებული და ინდუსტრიაზე გათვლილი [14].

ბიო-სამედიცინო სფეროში 5 ყველაზე მაღალი იმპაქტ ფაქტორის ჟურნალების (2004-5წწ გამოქვეყნებული სტატიების და 2006 წლის იმპაქტ ფაქტორის მიხედვით) შესწავლის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ციტირებადობაზე გავლენას ახდენს სტატიის ზომები: გრძელი ტექსტი [13] და ბევრი ავტორები [15] სხვადასხვა ინსტიტუტებიდან [16]. ეს გავლენა იმდენად ხელშესახებია, რომ ასე გასინჯეთ, ყოველი ერთი გვერდით გრძელი სტატიის ციტირების ინდექსი ლოგარითმულად იმატებს. მკითხველის მხრიდან ასეთი ქცევა აიხსნება იმით, რომ სტატიის სიდიდე, კომპლექსურობა და მომცველობა ასოცირდება რთულ და მასშტაბურ კვლევასთან [13], რომლის არ გათვალისწინება შესავალის ან დისკუსიის ნაწილში არ იქნება კარგი.

მოგეხსენებათ, მრავალავტორიანი სტატიებში თანაავტორებს შორის ყველაზე გამოცდილი, ცნობილი და მაღალ-ციტირებადი მეცნიერები, როგორც წესი, ბოლო პოზიციაზე იწერებიან. ციტირებისას კი ხშირად მხოლოდ პირველ გვარს უთითებენ ხოლმე.  გაჩნდა კითხვა: აქვთ თუ არა ცნობილი მეცნიერის თანაავტორობას სტატის ციტირებადობაზე გავლენა? ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების შედარებითი ანალიზით გაირკვა, რომ კი. ცნობილი მეცნიერების თანაავტორობით სტატიების ციტირების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება და ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება, რასაც მკითხველის კოგნიტური მიკერძობით ხსნიან [17].

1900-2014 წწ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს შორის ყველაზე ბევრი ციტირების მქონე სტატია

ციტირებადობაზე პოზიტიური გავლენა აქვს სათაურის ინფორმატიულობაც. სათაური, რომელიც ატარებს ინფორმაციას კვლევის დიზაინზე, მეთოდზე ან შედეგზე, იპყრობს დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას და შესაბამისად მეტი ციტირება აქვს [18]. მაგალითად, ასეთი ზომიერი და ინფორმატიული სათაური აქვს 1951 წ. გამოქვეყნებულ სტატიას, რომლესაც დღეისათვის რეკორდული რაოდენობის ციტრება აქვს – 305 150 ციტირება (იხ. სურათი).

ეს არის 10 გვერდიანი სტატია, რომლის სათაური გვაუწყებს, რომ სტატია შეეხება ხსნარში პროტეინების განსაზღვრის ახალ მეთოდს [19], რაც იმ დროისათვის სამეცნიერო გარღვევა იყო. ვოშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ამ პუბლიკაციით იწყება 100 ყველაზე ციტირებადი სტატიის სია, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა თომსონ როიტერსმა  [20] (იხ. სურათი).

კეისი

ჟურნალს პირველად მიენიჭა იმპაქტ-ფაქტორი

დაფუძნებიდან 35 წლისთავზე ერთ კორეულ სამედიცინო ჟურნალს სახელწოდებით „The Korean Journal of Internal Medicine“ პირველად მიენიჭა იმპაქტ-ფაქტორი (2011) და მალევე გახდა პრესტიჟული აზიაში. იმპაქტ-ფაქტორის მინიჭებამდე 3 წლით ადრე რედაქციამ შეიმუშავა ახალი სტრატეგია, რაც გამოიხატებოდა გამოქვეყნებული სტატიების  რაოდენობრივ და შინაარსობრივ ცვლილებებში. თითო ნომერში პუბლიკაციის რაოდენობა გახდა 12 (2-ით მეტი). აქედან ოთხი სტატია იყო მომიხილვა (მანამდე ქვეყნდებოდა 3), ექვსი ორიგინალური კვლევა, ერთი გაიდლაინი და ერთი კეის-რეპორტი. ორიგინალური კვლევებიდან პრიორიტეტი მიეცა რანდომიზირებულ, კონტროლირებულ, მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებს, რამდენიმე კოჰორტით. ასევე დაემატა თემა – ერთი სტატია მაინც მოლეკულური ბიოლოგიიდან უნდა ყოფილიყო.

2008-2012 წწ. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ციტირების მატების ტენდენცია გაჩნდა და შენარჩუნდა ყველა კომპონენტში:

  • მოიმატა ცალკეულის სტატიიდან ციტირებებმა. ყველაზე ციტირებადი იყო მიმოხილვები, რომელსაც მოსდევდა კლინიკური კვლევები შემდეგი თანმიმდევრობით: მეტა-ანალიზი, მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კოჰორტებიანი კვლევები.
  • გაიზარდა ციტირების რაოდენობა საერთაშორისო ჟურნალებში. ყველაზე ხშირი ციტირება დაფიქსირდა შემდეგ ჟურნალებში:

Molecular Biology Reports
PLoS ONE
World Journal of Gastroenterology

სარედაქციო სტრატეგიამ, რომელიც ეყრდნობოდა იმას, რომ მიმოხილვით სტატიებს ჰყავს მკითხველთა ფართო წრე, ხოლო მოლეკულური ბიოლოგია დღესდღეობით არის მეცნიერების ყველაზე ციტირებადი მიმართულება, ნაყოფი გამოიღო. [21]

ავტორის ციტირების მაჩვენებელი

აკადემიური მედიცინა ჩამოყალიბდა და ვითარდება ექიმი-მეცნიერების დაკვირვებებისა და პუბლიკაციების საფუძველზე. მსოფლიო აღიარება და ნობელის პრიზი ერთეულების ხვედრია, ხოლო ყველა დანარჩენი მეცნიერის შეფასებისათვის ყველაზე თვალსაჩინო და უტყუარი მახასიათებელია მათივე პუბლიკაციები. პუბლიკაცია per se არის მეცნიერის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს რაოდენობრივად და ხარისხობრივად. სამეცნიერო სტატიებიდან ციტირებების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე ხორხე ჰირშმა, არგენტინელმა მეცნიერმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, შეიმუშავა მეცნიერის ციტირების ინდექსი, რომელიც ცნობილია H-ინდექსის სახელწოდებით (2005) [8].

„მეცნიერის პუბლიკაციების ისეთი h რაოდენობა, საიდანაც  ნებისმიერი სტატიის ციტირება ≥ hუდრის მეცნიერის პროდუქტიულობას “  (ჰირში, 2005)

ჰირშის ინდექსს იმთავითვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. უპირველეს ყოვლისა, H- ინდექსი არ ასახავდა მეცნიერის ყველაზე ძლიერ და მრავალჯერ ციტირებული სტატიის ეფექტს [22]. არ გამორიცხავდა თვითციტირებას და ამ გზით ციტირების რაოდენობის ხელოვნურ გაზრდას [23]. გააკრიტიკეს იმიტომაც, რომ ერთანირ მდგომარეობაში აყენებდა ერთ ავტორიან და მრავალ ავტორიან სტატიებს [24]. ბევრი კრიტიკისა და ალტერნატივის შეთავაზების საფუძველზე ბევრი ახალი ინდექსები შეიმუშავეს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატივაა ე.წ. „ინდივიდუალური ინდექსი“ ანუ PoP-index, რომელსაც გვთავაზობს იყენებს “Publish or Perish”. „ინდივიდუალური ინდექსის“ უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პუბლიკაცის ციტირების საერთო მაჩვენებელს ყოფს ავტორთა რაოდენობაზე და, ამგვარად, ასახავს ცალკეული თანავტორის ინდივიდუალურ პროდუქტიულობას. ხოლო ნაკლი ისაა, რომ იგი ეყრდნობა ისეთ ინკლუზიურ და უფასო საძიებო სისტემებს, როგორიცაა  Microsoft’s academic search და Google scholar. ეს სტისტემები  არ ფილტრავს ე.წ. „თეთრი“ და „რუხი“ პუბლიკაციებიდან, წიგნებიდან, მონოგრაფიებიდან და სხვა ამგვარი ნაშრომებიდან ციტირებებს.

ასეა თუ ისე, H-ინდექსმა მნიშვნელოვნად გააიოლა მეცნიერთა გავლენიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება. სადღეისოდ, ჰირშის ინდექსის საფუძველზე დგება თომსონ როიტერსისა და სკოპუსის მაღალციტირებადი მეცნიერების რეიტინგები.

ყველაფერი, რაც გავლენას ახდენს სტატიის ციტირებადობაზე, გავლენას ახდენს H-ინდექსზეც. უპირველეს ყოვლისა, გავლენას ახდენს მეცნიერების სფერო. ჰირშმა თავადვე აღმოაჩინა, რომ ფიზიკაში ნობელის ლაურეატებს უფრო ნაკლები ციტირებები ჰქონდათ, ვიდრე თომსონ როიტერის მაღალციტირებად მეცნიერეთა სიაში (HiCi) შესულ ბიო-სამედიცინო მეცნიერებს [8].  (იხ. ცხრილი 5)

Table 5. Hindex.2005

ასეთი განსხვავების ერთ-ერთი მიზეზია თანაავტორების რაოდენობა. ცნობილია, რომ ზუსტი მეცნიერებების სტატიებს ერთი ან ორი ავტორი ჰყავთ, ხოლო სიცოცხლის მეცნიერებებისა და სამედიცინო კვლევები, ძირითადად, მრავალ ავტორიანია. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი თანაავტორი ჰყავს სტატიას, მით უფრო სწრაფად იკრებს ციტირებებს [15].

ციტირებების რაოდენობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს და ჟურნალის რეიტინგი და  ავტორის რეპუტაციაც [15], [25]. უახლესმა კვლევებმა სამედიცინო უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლების ციტირების  მაჩვენებელის თავისებურებებზე აჩვენა, რომ H-ინდექსი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მაღალი  აკადემიური თანამდებობა აქვს ავტორს (ასისტენტ პროფესორი < ასოცირებული პროფესორი < სრული პროფესორი). ამასთანავე აღმოჩნდა, რომ მეცნიერებათა დოქტორებსა (PhD) და ექიმ-დოქტორების (MD) H-index  საშუალო მაჩვენებელი არსებითად ერთნაირია [26]. ამ ფაქტის ახსნის ერთერთი ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ექიმები ისტორიულად საკმაოდ პროდუქტიული და ეფექტური ავტორები არიან.

ციტირებადი მეცნიერის ფასი

სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება, და თანაც, გავლენიან ჟურნალში  მნიშვნელოვანია არა მარტო მეცნიერისათვის, არამედ იმ ინსტიტუტის, საზოგადოებისა თუ დარგისათვის, რომელშიც იგი მოღვაწეობს [27].

ინსტიტუტებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან მათი რეიტინგი განისაზღვრება სწორედ იმ პუბლიკაციებით, რომელიც ასახავს ამ ინსტიტუებში განხოციელებულ კვლევებს, ან რომლის ავტორიც დაკავშირებულია ამ ინსტიტუტთან.  მაგალითისათვის, მსოფლიოს უნივერსიტეტების რეინტინგის შანხაის სისტემის (Shanghai Ranking) შეფასების 60% ეყრდნობა უნივერსიტეტთან აფილირებული მეცნიერებისა და კურსდამთავრებულების (ალუმნების) პუბლიკაციების შეფასებას: (იხ. ცხრილი 6)

Table 6. Shanhai

მაღალ-ციტირებადი და იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალის სტატიების ავტორებით ინტერესდება სამეცნიერო კვლევებზე ორიენტირებული მრეწველობები (მაგ. ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური ინდუსტრია და ა.შ.). მეტიც, ზოგიერთ ქვეყნაში ასეთ მეცნიერებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებენ. მაგალითად, რუსეთის წამყვან უნივერსიტეტებში, მაღლ-ციტირებადი და იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალის სტატიების ავტორებს ხელფასის ოდენობის ბონუს აძლევენ ანუ ორმაგ ხელფასს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაბაძი, ვინაიდან კარგი მეცნიერის დაწერილი ან რედაქტირებული  წიგნი, თუნდაც წიგნის ერთი თავი, ზოგჯერ გაცილებით დიდ გავლენას ახდენს დარგის განვითარებაზე, ვიდრე ერთი კარგი სტატია იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში [27]. არ შეიძლება იმის უგულვებელყოფა, რომ მეცნიერს შეიძლება ჰქონდეს გამოგონებები, აქტიური პატენტები, სამეცნიერო ჯილდოები  (მაგ. ნობელის, ლასკერის, დიკსონის პრიზები და სხვა), ლექციების კურსი, რომლითაც მეცნიერი შეიძლება იყოს გამორჩეული და გავლენიანი.

HiCi 3ყოველ შემთხვევაში, როდესაც მეცნიერის გავლენასა და პროდუქტიულობას ვაფასებთ, უნდა გვახსოვდეს რომ თომსონ როტერსის ყველა დროის ყველაზე ციტირებადი 100 სტატიის ავტორებს შორის არ აღმოჩნდა: ეინშტეინი (ფარდობითობის თეორია), ფლემინგი (პირველი ანტიბიოტიკი), უოთსონი და კრეკი (დნმ-ს სტრუქტურა) და სხვა მეცნიერები, ვინც აკადემიურ აზროვნებაში ნადვილი გადატრიალება მოახდინეს [19].

ლიტერატურა

  1. Mendel GJ. (1865) Versuche uber Pflanzen-Hybriden. Verk naturf.Ver in Brunn; band iv (სტატია ინგლისურ ენაზე ითარგმნა 1901 წელს)
  2. Galton D. (2009) Did Darwin read Mendel? Quarterly Journal of Medicine 102(8): 587-589
  3. Harzing AW (2013) From publication to impact: Using Google Scholar and Publish or Perish to measure research impact. Lecture, leasrning Technology and Innovation 5/29/13
  4. Falagas ME., Koiranos VD. et al (2008) Comparision of SCImago journal rank indicator with journal impact factor. FASEB J 22(8):2623-2628
  5. Greenwood . (2007) Reliability of journal impact factor rankings. BMC Med Res Methodol. 7: 48 
  6. Ioannidis et al. (2010) Fifty-Year Fate and Impact of General Medical Journals . PLoS One. 2010; 5(9): e12531 
  7. Gargouri Y et al (2010) Self-Selected or Mandated, Open Access Increases Citation Impact for Higher Quality Research. PLoS One. 5(10): e13636 
  8. Hirsch JE. (2005) An index to quantify an individual’s scientific research output.Proc Natl Acad Sci USA102 (46):16569–16572
  9. Erjen van Nierop (2009). “Why Do Statistics Journals Have Low Impact Factors?”.Statistica Neerlandica63 (1): 52–62
  10. Gu W., Yuan., et al (2015) A bibliometric analysis of the 100 most influential papers on COPD. 10:667-76
  11. Hare D. (2005) Journal impact factor. Canadian Veterinary Joirnal 46(8):679-681 
  12. Patsopoulos NA., Analatos AA., Iannidis JP. (2005) Relative citation impact of various study desingns in the health sciences. JAMA 293(19):2362-6 
  13. Falagas ME., Zarkali A., et al (2013) The Impact of Article Length on the Number of Future Citations: A Bibliometric Analysis of General Medicine Journals. PLoS One 8(2):e49476   
  14. Kulkami AV., Busse JW., Shams I. (2007) Characteristics Associated with Citation Rate of the Medical Literature. PLoS ONE 2(5):e403
  15. Abramo, G, D’Angelo, C.A. (2015) The relationship between the number of autors of a publication, its citations an the impact of the publishing journal: Evidence from Italy Informetrics 9(4)746-761 
  16. Figg WD., Dunn L. et al (2006) Scientific collaboration results in higher citations of published articles. Pharmacotherapy 26(6):759-767
  17. Hönekopp Kleber J. (2008) Sometimes the impact factor outshines the H index. J. Retrovirology. 5: 88 
  18. Habibzadeh F., Yadollahie M. (2010) Are shorter article titles more attractive for citations? Cross-sectional study of 22 scientific journals. Croat Med J 51(2):165-170 
  19. Lowry OH., Rosebrough NJ, Farr AL., (1951) Protein measurement with the folin phenol reagent. Biol.Chem.193:265-275                
  20. Van Noorden R., Maher B., Nuzzo R. (2014) The top 100 papers. Nature 514:550-553 
  21. Sun Huh (2013) How far hasThe Korean Journal of Internal Medicine advanced in terms of journal metrics. Korean J Intern Med. 2013 Nov; 28(6): 635–638.
  22. Egghe L. (2006)Theory and practice of g-index.Scientometrics 69(1):131-152
  23. Bartneck C., Kokkelmans S. (2011) Detectingh-index manipulation through self-citation analysis.Scientometrics, 87(1), 85–98.
  24. Bommann, L. Marx (2014) How to evaluate individual researchers working in the natural and life sciences meaningfully? A proposal of methods based on percentiles of citations. J. Scientometrics 98:487-509 
  25. Canavero, F et al. (2014) Impactof journals and academic reputations of autors: Astructuredbibliometric survey of the IEEE publication galaxy. IEEE Transactions on professional communication 57(1):17-40 
  26. Dija A., Eady K., (2014) The h-index in medical education: an analysis of medical education journal editorial boards. BMC Med Educ 14:251 
  27. Altbach PG. (2014) What counts for academic productivity in research universities?University World News, 329:18

 

© ქეთი გაბიტაშვილი

დისკუსია

3 thoughts on “რეიტინგი, იმპაქტ-ფაქტორი, H-ინდექსი

  1. საინტერესო სტატიაა მაგრამ აშკარაა რომ ავტორს არ აქვს სრული ინფორმაცია საკითხის სესახებ, განსაკუთრებით საქართველოში სამეცნიერო მუშაობის პროდუქტიულობის თვალსაზრისით. კარგია თუ გაეცნობით რეფერირებულ საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებულ ჩვენს ნაშრომებს ამ საკითხზე. ამ სტატიებს ადვილად იპოვნით ინტერნეტში. The importance of bibliometric indicators for the analysis of research performance in Georgia, TRAMES, 2014; Analysis of relation between reviewers’ evaluation of proposals and research performance (case study for the Georgian governmental funding organization), MASA, 2016

    Posted by T. Matcharashvili | 14/06/2016, 8:31 PM
  2. ძალიან საინტერესი სტატიაა.დიდი მადლობა

    Posted by nino zabakhidze | 16/06/2016, 1:47 PM
  3. პრაქტიკულია და გამოვიყენებ

    Posted by თეიმურაზ ყანცლი | 01/03/2018, 2:20 PM

დატოვე კომენტარი

წინა ჩანაწერები

Goodreads