იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: 9 ივნისი მართლმსაჯულების ისტორიაში დიდი დღეა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ასოციაცია საქართველოს მოსამართლეთა ერთობის პრეზენტაცის დაესწრო. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბედნიერია, რომ ამგვარი გაერთიანება იქმნება.

"იუსტიციის სამინისტრო უკვე თვეებია საუბრობს მართლმსაჯულების რეფორმებზე და ხაზს უსვამს იმას, რომ მოსამართლეები უნდა გაერთიანდნენ იმ ერთადერთი მიზნის გარშემო, რაც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს, ეს არის - დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მოსამართლის ღირსება", - აღნიშნა წულუკიანმა. 

მინისტრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, 9 ივნისისთვის  დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, 9 ივნისი, "მართლმსაჯულების ისტორიაში დიდი დღეა".

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განცხდებები და წინა განცხადებები, რომლებიც სხვა მოსამართლეებმა გააკეთეს,  მისასალმებელია. მე მათ მხოლოდ დადებითად ვაფასებ. მრჩება მხოლოდ დანანება, რომ ეს განცხადებები არ გაკეთდა მაშინ, როცა მართლმსაჯულებას ყველაზე მეტად უჭირდა. დღეს მართლმსაჯულებას უჭირს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს წინა წლის ოქტომბრამდე იყო. მანამდე ასეთი განცხადებები, აზრთა თავისუფლად გაცვლა-გამოცვლა სასამართლო სისტემაში მრავლად რომ ყოფილიყო, მართლმსაჯულებას არ დაემართებოდა ის ავადმყოფობა,  რაც დღეს ჭირს და რისი გამოსწორებითაც და განკურნებითაც ჩვენ ვართ დაკავებულები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებმა, ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თოდრიამ გუშინ განცხადება გაავრცელეს.

"საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა უზრუნველყოს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 63.2. მუხლით დადგენილი ვალდებულების - "საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობასა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას" - კეთილსინდისიერად შესრულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, როგორც წინასაარჩევნო, ასევე, არჩევნების დღეს, მოსამართლეთა კონფერენციაზე უნდა უზრუნველყოს არა რომელიმე ჯგუფის, არამედ უკლებლივ ყველა მოსამართლის ინტერესების გამოხატვა, სამართლიანი საარჩევნო პროცედურების მეშვეობით სრულფასოვანი თვითმმართველობის განხორციელება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ნებისმიერი ჩარევისაგან, არ დაუშვას სასამართლო ადმინისტრაციის რესურსის გამოყენება მოსამართლეთა თავისუფალი ნების დასათრგუნად", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები