Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხარვეზები სასამართლო საქმეების განაწილების პროცესში

16 აპრილი 2015

სასამართლოებში საქმეთა განაწილებასთან დაკავშირებით პრობლემები და კითხვის ნიშნები ყოველთვის არსებობდა. “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, დღეს არსებული მოდელი ისეთ პრობლემებს წარმოშობს, როგორიც  საქმეთა არათანაბარი განაწილება, ამ პროცესში სასამართლოს თავჯდომარეების გადამეტებული მონაწილეობა და გაუმჭვირვალობაა.

სასამართლოში შესული საქმეებისა და სხვა მასალების მოსამართლეებზე განაწილებას “საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების შესახებ” კანონი არეგულირებს. ელექტრონული სისტემით საქმეები რიგითობის მიხედვით ნაწილდება, რიგითობა კი ანბანთრიგზე ეწყობა.

თუმცა იმის გამო, რომ პროგრამა ისეთ შემთხვევებს ვერ ითვალისწინებს, როგორიც მოსამართლეთა შვებულება, საქმეთა სირთულე ან სხვა ნიუანსებია, საქმის განაწილების პროცესში სასამართლოს თავმჯდომარე ერევა.

ამასთან პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასამართლოებში საქმეები არათანაბრად ნაწილდება. “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სასამართლოს ან კოლეგიების თავმჯდომარეებს საქმეთა მცირე ნაწილი ეწერება. მაგალითად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თავმჯდომარის ჩათვლით 12 მოსამართლეა, 2014 წელს ერთ მოსამართლეს საშუალოდ 1441 საქმე დაეწერა, სასამართლოს თავმჯდომარეს კი - მხოლოდ 167.

ანალოგიური მაჩვენებელია თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, სადაც 2014 წელს 89 მოსამართლე მსახურობდა. წლის განმავლობაში ერთმა მოსამართლემ საშუალოდ 350 საქმე განიხილა. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს არცერთი საქმე არ განუხილავს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ განიხილა 58 საქმე, ხოლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ - 137.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2013-2014 წლებში სასამართლოსა და სისხლისა და ადმინისტრაციული პალატების თავმჯდომარეებს განსახილველად საქმეები არ გადასცემიათ.

“საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქმეები უფრო გამჭვირვალედ უნდა განაწილდეს. 

“მრავალ ქვეყანაში მოქმედებს საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემები, რომლებიც შემოსულ საქმეებს შემთხვევითობის პრინციპით ანაწილებს. ასეთი სისტემის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, ელექტრონულ სისტემას საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოებში მისი შეტანისთანავე გაენაწილებინა და მომხმარებელს მაშინვე მიეღო პასუხი კითხვაზე - ვის გადაეცა მისი საქმე განსახილველად”, - აღნიშნულია პოლიტიკის დოკუმენტში.

ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქმეები განსახილველად სასამართლოების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს შორისაც უნდა განაწილდეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა დაინერგოს, რადგან ეს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებითაა გათვალისწინებული.

“საქმის ელექტრონული განაწილების დაუხვეწაობის გამო დაიკარგა სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობა. პროცესის მონაწილე მხარეებსა და გარე დამკვირვებლებს გაუჩნდათ პრეტენზია, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები საქმეებს გარკვეული ინტერესები მიხედვით ანაწილებდნენ. რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ მოვაწესრიგოთ შემოსული საქმეების ელექტრონული განაწილების წესი. ამან კი, საბოლოო ჯამში, ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განაწილების გამართული სისტემა უნდა მოგვცეს”, - განაცხადა გვენეტაძემ “ლიბერალთან” საუბრისას.

საქმის განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნაში უშუალოდაა ჩართული GIZ-ის სამართლებრივი მრჩეველი თორნიკე დარჯანია. მისი თქმით,  საქმის ელექტრონული განაწილება პირველ ინსტანციაში უკვე დანერგილია და ამჟამად ის ზემდგომ ინსტანციებში ინერგება. თუმცა ამჟამინდელი სისტემა პროცესის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს. რის გამოც მოსამართლეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ სურთ, რომ ყველამ იცოდეს, ვის რა პრინციპით ეწერება საქმე.

თორნიკე დარჯანია განმარტავს, რომ გამოსავალს საქმეთა სირთულის მიხედვით კლასიფიკაცია და შემდეგ ამის მიხედვით გადანაწილებაში ხედავს. მისი თქმით, ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

“იქნება ინდიკატორები, მაგალითად, მოწმეების რაოდენობა, საქმის მასალის მოცულობა და ა.შ. და ამის მიხედვით საქმეს სიმძიმის რაღაც კოეფიციენტი მიენიჭება”, - აცხადებს დარჯანია და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თანხებს, დროსა და მუშაობას მოითხოვს.

მისი თქმით, თუ საქმეების გადანაწილების პროცესში თავმჯდომარის მონაწილეობა მაინც აუცილებელი გახდება, მან საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს. შესაბამისად, პროცესი გამჭვირვალე და მოსამართლეებისათვის გასაგები გახდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საქმის ელექტრონულ განაწილებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

ახვლედიანი ერთადერთ გამოსავალს საქმეთა სირთულის მიხედვით განაწილებაში ხედავს. გარდა საქმისთვის ქულების მინიჭებისა, პროგრამა მათ არა ანბანურად, არამედ შემთხვევითობის პრინციპით გაანაწილებს. საბოლოოდ, ყველას თანაბარი შრომის გაწევა მოუწევს, ზოგს ბევრი, მაგრამ მარტივი საქმე დაეწერება, ზოგს კი - ცოტა და რთული.

“მოსამართლე ყველაფერს ითვლის, რა სამუშაოები ჩაატარა და ამის მიხედვით იღებს ქულებს. განსაზღვრული იქნება, ერთმა მოსამართლემ თვის განმავლობაში რამდენი ქულა დააგროვა. გერმანიაში შესრულებული სამუშაოს მიხედვით მოსამართლეების კოეფიციენტს წერენ. მაგალითად, 1,1 უკვე ნიშნავს, რომ კარგად ასრულებს სამუშაოს”, - განმარტავს ახვლედიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქმის განაწილების ზემოხსენებული მოდელის დანერგვასა და ამოქმედებას დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^