01 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
სამართლებრივი პრობლემები - ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს ახალ შემადგენლობას ხვდებიან

საკონსულტაციო კომპანიები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას ხვდებიან. განსახილველი თემა სამართლებრივი პრობლემებია. შეხვედრა უკვე ერთი საათზე მეტია მიმდინარეობს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება ონლაინ სესხებთან დაკავშირებული საკითხების და სასამართლო დავებთან დაკავშირებული თემების განხილვა. გარდა ამისა, საუბარი იქნება კომერციული პალატების დაარსებაზეც, რათა სპეციალიზებული დავები მოსამართლეთა კონკრეტულმა ჯგუფმა განიხილოს. 

სავაჭრო სამრეწველო პალატის ეკონომიკური კომიტეტის წევრები იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, სასამართლო დავების დასრულება ხშირ შემთხვევაში ჭიანურდება.

„პირველ რიგში პრობლემატურ საკითხად იკვეთება ვადები, გაჭიანურება პროცესებისა. ამ კუთხით რა ხედვები არის და რა გადაჭრის გზები არის მოსალოდნელი, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით - რა რაოდენობის მოსამართლეების დანიშვნაზე შეიძლება იყოს საუბარი. ასევე გვაინტერესებს, მოსამართლეთა სპეციალიზაციის და კვალიფიკაციის საკითხებთან დაკავშირებით რა მიდგომები და რა სტრატეგიაა,“ - აცხადებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ სამართლებრივი კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე.

შეხვედრაზე იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც. გიორგი მიქაუტაძე საქმეების გაჭიანურების პრობლემას ადასტურებს და ამბობს, რომ სასამართლოში გადატვირთულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„დღეს მთავარი პრობლემა არის საქმეთა მზარდი ნაკადი და ორჯერ და სამჯერ უფრო გაზრდილი არის საქმეთა შემოდინება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით განსაკუთრებით და სწორედ ეს ქმნის პრობლემას და გადატვირთულობას სასამართლოსი და დავების განხილვა დროში ჭიანურდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია შექმნა," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები